logo
ENG



"ეს მკვლელობის ტოლფასი იქნება" - იასკო სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე

04 დეკ 202114:53
3 წუთის საკითხავი
 
"ეს მკვლელობის ტოლფასი იქნება" - იასკო სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე

უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ლიზა იასკო გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის მკვლელობის ტოლფასი იქნება.

შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესებულია და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით  მედიკოსების განცხადებები უკვირს. იასკოს თქმით ის სამი დღის განმავლობაში სტუმრობდა სააკაშვილს და დღეს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა გასულ დღეებთან შედარებით მძიმეა.

მე არ ვიცი რატომ ამბობენ ექიმები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მე მქონდა შესაძლებლობა 3 დღის განმავლობაში მენახა ის და დღეს ის უარესადაა. დასივებული აქვს სახე და ტანი. გამონაყარი აქვს კანზე ნერვიული მდგომარეობის გამო, აქვს ხედვის პრობლემები, დაუვარდა ჰემოგლობინი, სუსტადაა. მე ვამჩნევ რომ ის ცუდადაა. რა თქმა უნდა, ის საწოლიდან დგება, თუმცა გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ მისი მაჩვენებლები. მე პროგრესი ვერ დავინახე და ეს ყველაფერი მაშფოთებს.

ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რომელმაც ჩემამდეც მოაღწია, რომ უახლოეს კვირებში სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა სურთ. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს გადაწყვეტილება მკვლელობის ტოლფასი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან სუსტადაა და მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება“, - მედიასთან განაცხადა ლიზა იასკომ.

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს. 


close დახურვა